შაქარაშვილის სიკვდილი მოძრაობს კვადრატში: ჩიქოვანი, ხეჩოშვილი, ჟვანია, გაგნიძე - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ჩიქოვანი, ხეჩოშვილი, ჟვანია, გაგნიძე, ეს არის კვადრატი, რომელშიც მოძრაობს შაქარაშვილის სიკვდილი, -  ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. მისი თქმით, "მთავარის" ჟურნალისტური გამოძიება, პრაქტიკულად, ბოლოში გავიდა. 

ჩიქოვანი, ხეჩოშვილი, ჟვანია, გაგნიძე, ეს არის კვადრატი, რომელშიც მოძრაობს შაქარაშვილის სიკვდილი და უნდა დადგინოს გამოძიებამ, ვინ არის დამნაშავე. მე არ ვილაპარაკებ შაქარაშვილის ბიძასავით, ექსკლუზიურად "ქამრიზე" და მასში მჯდომ ადამიანებზე. არ ვილაპარაკებ არც აუცილებლად "მერედესზე". მე ვსაუბრობ ადამიანებზე, ვინც არის ეჭვმიტანილი, ჩვენს მიერ დადგენილი გამოძიებით, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ პროკურატურამ კარგად იცის, რომ მკვლელი სწორედ მის მიერ დასახელებულ კვადრატში უნდა ეძებოს. მისივე თქმით, გამოძიება ამ ოთხეულში მკვლელს ეძებს, მაგრამ არ იცის სად წაიღოს თავისი სამარცხვინო საქციელი და სამარცხვინო გაყალბება, რომელსაც სამწუხაროდ, დაზარალებულის წარმომადგენელმაც შეუწყო ხელი და აქამდე არცერთი კითხვა არ დაუსვამს. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, Post Factum -ის პირველივე გადაცემაში, როდესაც დათო აბრამიშვილმა ამის გამოკვლევა დაიწყო და შემდეგ გადაცემამ "მთავარი აქცენტები" გააგრძელა, დასახელდა ორი მთავარი გვარი: ჟვანია და გაგნიძე - იგივე "ცაციები". 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ პირველ რიგში, კრიმინალია, რომელიც არ გვასვენებს და განაპირობებს იმას, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ თავს, ასევე ეკონომიკა, რომელიც აღარ არსებობს და პოლიტიკა, რომელიც ნელ-ნელა ნულოვან ნიშნულს ჩაცდა. მისივე თქმით, ეს არის ქართული სახელმწიფოს პერსპექტივა "ოცნების" ხელში. 

აქვე, ნიკა გვარამიამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, "მთავარი არხის" ჟურნალიტური გამოძიების პირველ ეპიზოდს საზოგადოება ძალიან მალე იხილავს. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი