დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ეს "დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის მიმართ კორექტულად და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდა". 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა, რომელშიც ნებსით თუ უნებლიეთ NGO-ები, უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც, პაპუაშვილის სიტყვებით, იმავე მონდომებით უნდა იზრუნონ "მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე". 

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. 

დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. 

ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე. ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა," - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, გარდა ამისა, ბრეგაძის თქმითვე, სახელმწიფოს არ დაევალა მისი რომელიმე სხვა კლინიკაში გადაყვანა ქვეყნის შიგნით.   

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე კი განმარტავს, რომ ეს პროცედურული გადაწყვეტილებაა და ევროსასამართლოში საჩივრის არსებითი განხილვა გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი