
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება "რუსულმა ოცნებამ" და მინისტრმა ბრეგაძემ საზოგადოებას შეასარეს ისე, როგორც მათ ეს სურდათ. ხაბეიშვილის თქმით, სინამდვილეში, ეს შუალედური გადაწყვეტილებაა და სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ. მისივე თქმით, სხვა მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია.
რუსული პარტია საქართველოში, მატყუარების პარტია, როგორც ყოველთვის ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეასაღოს საზოგადოებას ისე, როგორც მათ ეს სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. ამიტომ, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში -
სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ. სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. ანუ, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყოს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შეეძლება რომ დარწმუნდეს და ცხადია ეს არ დაიმალება და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება.
ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა ამ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, ვარშავაში გადაყვანაზე მხოლოდ და ხაზის გაუსვა იუსტიციის მინისტრმა, რომ თურმე სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაავალა. მსგავსი მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია, ერთადერთი მოთხოვნა უკავშირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანას.
როცა საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება." განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა ხელისუფლებას შეახსენა ის დასაბუთებული გადაწყვეტილებები და რეზოლუციები, რომლებიც სხვადასხვა დროს ევროსტრუქტურებმა მიიღეს. ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება ბრძოლა როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის:
ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების თავისუფლებისთვის- რომა შამათავა და სხვა სამხედრო ბიჭები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ გასამართლებული და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე. " თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ბრიფინგამდე, ენმ-ის ოფისში იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტის დედა. გიული ალასანიამ პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა, სადაც სავარაუდოდ სამომავლო გეგმებსა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, გარდა ამისა, სახელმწიფოს არ დაევალა მისი რომელიმე სხვა კლინიკაში გადაყვანა ქვეყნის შიგნით.