ვიდეოკადრები შემთხვევითმა გამვლელმა მშრალ ხიდზე ორი დღის წინ გადაიღო,. მთავარი არხის წყაროს მიერ მოწოდებული მასალით დგინდება რომ კრიმინალური ავტორიტეტი, ყოფილი კანონიერი ქურდი საშა სევერი საპატრულო პოლიციას ჰყავს გაჩერებული. მერსედესის მარკის ჯიპს, რუსული სანომრე ნიშნით "ვორ 333", დიდი ალბათობით თავად კრიმინალური ავტორიტეტი მართავდა. როგორც ჩანს იქვე მყოფი სამართალდამცველებისთვის ეს ფაქტი საკმარისი მიზეზი ვერ აღმოჩნდა მის დასაკავებლად.
უცნობია როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი კრიმინალურმა ავტორიტეტმა და რა მიზნით იმყოფებოდა ის საქართველოში.მთავარ არხს წყარო უყვება, რომ კანონიერ ქურდს საქართველოში ადვოკატი თამარ აბესაძე დახვდა, თბილისამდე ჩამოაცილა და ქალაქის ცენტრში დატოვა. საქართველოში ავტორიტეტი ქართული პასპორტით სარგებლობდა. თამარ აბესაძე სევეროვთან კავშირს უარყოფს.
"რედისონ ბლუ ივერია" ის ადგილია, სადაც ჩვენი ინფორმაციით რუსმა კანონიერმა ქურდმა ალექსანდრე სევეროვმა რამდენიმე დღე გაატარა. "მთავარ არხს" წყარო უყვება რომ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი ქვეყანაში დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა, საოკუპაციო ხაზი შეუფერხებლად გადმოიარა და თბილისში ჩამოვიდა.
სევეროვი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი პირია. მის სახელთან არაერთი გახმაურებული საქმეებია დაკავშირებული. "კანონიერი ქურდი" 1993 წელს გახდა და 30 წლიანი "კარიერა" აქვს. კრიმინალურ სამყაროში გათანაბრებული იყო "დედ ხასანთანაც". საშა სევერისთვის დაიწერა და მიეძღვნა სიმღერა "ვლადიმირსკი ცენტრალ".
მთავარი არხის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, განცხადება გაავრცელა შსს-მ.ვახტანგ გომელაურს უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ რომ მძღოლი საქართველოს მოქალაქის პასხპორტით საქართველოში 2020 წელს შემოვიდა და პატრულმა ის რეგისტრაციის წესების დაღვევის გამო გააჩერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს რომ მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. განცხადებიდანვე დგინდება რომ მერსედესის ჯიპი საქართველოში რუსული ნომრებით უკვე სამი წელია გადაადგილდება. უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნით ავტომობილებს საქართველოში გადაადგილება მხოლოდ 90 დღით განმავლობაში შეუძლიათ. სამი თვის გასვლის შემდგე პატრული ვალდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება დააჯარიმოს. თუ კი მერსედესის მარკის ავტომობილი საქართველოში 2020 წელს შემოვიდა, გამოდის რომ სამი წლის განმავლობაში ავტომობილი ისე გადაადგილდებოდა რომ ავტომობილის მძღოლი არავის დაუჯარიმებია. დადასტურებულადაა ცნობილი რომ მერსედესის ჯიპი რუსული სანომრე ნიშნით "ვორ 333" 69 ინდექსით რუს კანონიერ ქურდს, საშა სევერს ეკუთვნის.
გუგლის საძიებო სისტემა მარტივად გიძებნის რუსულ საიტებს, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო ნომრიანი ავტომობილების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას გაძლევს. გუგლი საშა სევერის კუთვნილ ნომრებზე რამდენიმე ავტომობილს გვაძლევს, მათგან რამდენიმე ფოტო სწორედ შავი ბრაბუსია. ერთ-ერთი ფოტო 2021 წელს 10 მარტს თბილისშია გადაღებულია. ისევ შემთხვევითი გამვლელის მიერ.