ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ კი მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე უპასუხა: ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ როდესაც გადამწყვეტი არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციამ "ოცნებას" ერთიანი ფრონტით უნდა შეუტიოს, ასეთი პოლიტიკური ვაჭრობა საზოგადოების დაქსაქვას იწვევს.
გიორგი ვაშაძის ამბიცია, რომ პრემიერმინისტრი გამხდარიყო, არ გაიზიარა არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა თაკო ჩარკვიანისა, ამიტომ გაურკვეველია რა იყო მიზეზი და საბაბი მისი გადაწყვეტილების, შეეტანა დამატებითი არეულობა არჩევნების წინ ოპოზიციაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, რომ დაქსაქსოს ოპოზიცია, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს კითხვები აქვს გიორგი ვაშაძის პოლიტიკური ძალის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც.
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნოდ ვაშაძის ეს ნაბიჯი სწორი პოლიტიკური სვლა არ არის და ეს ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა, რომ ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, რომ ოპოზიცია დაშალოს.
მისივე თქმით, იმის თქმის საფუძველს, რომ ვაშაძე "ბნელ მხარეს გადავიდა" აძლევს: "იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, სხვადასხვა ჯგუფები და ა.შ. ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთზე ვლაპარაკობთ იმის მაგივრად რომ ივანიშვილზე ვკონცენტრირდეთ, ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის თამაშია".
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
მანამდე კი ჯერ კიდევ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს. შეგახსენებთ, რომ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია ამ დრომდე განაგრძობს.