
ბელარუსის ტერიტორიაზე 2 500-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
"ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ ბელორუსიიდან გაყვანილია მრავალი ქვედანაყოფი, მაგრამ საწვრთნელი მოედნები არ არის შევსებული" - განაცხადა დემჩენკომ.
მისივე თქმით, "რუსი სამხედროების რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო"
სპიკერი ამბობს, რომ რუსი სამხედროები, როგორც წესი, წვრთნებში არიან ჩართულები და რჩებიან საწვრთნელ პოლიგონებზე.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მიჰყავს დანაყოფები, რომლებმაც ბელორუსში გაიარეს წვრთნა. შემდგომში ეს ჯარისკაცები იგზავნება აღმოსავლეთის მიმართულებით დამპყრობლების ძალების შესავსებად.
გენშტაბის მონაცემებით, ვოლინისა და პოლისიის მიმართულებით მტრის შემტევი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ დაფიქსირებულა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებას მობილიზაციის გზით ჩამოყალიბებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციისთვის. ეს ქვედანაყოფები კი შემდგომში უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ.