
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავა.
უწყებების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ZN.UA წყაროების თანახმად, ჩხრეკა უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან ჩატარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კნიაზევმა ფული აიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინე ჟევაგოს ინტერესებით მოქმედებდნენ.
ZN.UA-ს ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს უმაღლესმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ოლიგარქ ჟევაგოს დაუბრუნა პოლტავის სამთო-გადამამუშავებელი ქარხნის აქციების 40,19%. მათივე ცნობით, კნიაზევის დაპატიმრებას ადასტურებს სასამართლოს ოფიციალური წერილიც, რომლის მიხედვითაც "კნიაზევის გარშემო მომხდარი მოვლენების" გამო, 16 მაისს გაიმართება უზენაესი სასამართლოს რიგგარეშე სხდომა.
NABU-მ დაადასტურა, რომ გამოაშკარავდა "მასშტაბური კორუფცია უზენაეს სასამართლოში", უწყება ამბობს, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ, მაგრამ გაასაჯაროვეს ფულის ფოტო.