მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი ბელორუსიის ციხეში რჩება. ქართულმა მხარემ ბელორუსიას ე.წ. კანონიერი ქურდის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში მის გადმოყვანას არ გეგმავს.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას ლავასოღლის ექსტრადირების ეშინია.
არ ვიცი, რით ხელმძღვანელობს საქართველოს პროკურატურა, როცა თავს იკავებს მის გადმოყვანაზე, შესაძლოა ვარაუდები გამოვთქვათ, ერთი ის, რომ ისინი ერიდებიან, რომ არჩევნების წინ მისი აქ გადმოყვანა ან სიტუაციას დაძაბავს, ან ოპოზიციის მხრიდან შეტევას გამოიწვევს. ამის ალტერნატივა რა არის, ის, რომ უთხრან, რომ გაათავისუფლონ, მაგრამ ამასაც ერიდებიან, - თქვა ნიკოლაიშვილმა.
ლავასოღლის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ შესაძლებელია მისი ჩამოყვანა საქართველოში დღესვე მოხდეს.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ მისი საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჭრილს. ამ ადამიანის, ასე რომ ვთქვათ, ბედიღბალით არ არიან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოები, გარდა იმისა, რომ მის მიმართ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ კამპანიაში უნდათ რომ ჩაითრიონ, - ამბობს კობაიძე.
მინდია ლავასოღლი 21 ივნისამდე თურქეთის ციხეში იყო და მისი ოჯახი საქართველოს მთავრობისგან ე.წ. კანონიერი ქურდის ქვეყანაში ექსტრადირებას ითხოვდა. ამ მოთხოვნით ოჯახმა ბათუმში რამდენიმე ხმაურიანი აქციაც მოაწყვეს. 21 ივნისს კი ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს და ქვეყნის დატოვებისთვის რამდენიმე საათი მისცეს.