აცილებაზე გვიპასუხა, მე რომც ამიცილოთ ისეთი მოსამართლე შეგხვდებათ, რომელიც იქ იყო, ყველა ვქეიფობდითო - ჯაფარიძისა და მოსიაშვილის პროცესი

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. პოლიციამ ისინი მარტის აქციებზე დააკავა, თუმცა მოგვიანებით 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, ადვოკატები ითხოვდნენ ვიდეოჩანაწერების ამოღებას იმ გარე პერიმეტრიდან, საიდანაც აიყვანეს სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, თუმცა შსს მათ მოთხოვნას აპროტესტებდა.

"აცილებას ბევრი საფუძვლები ჰქონდა, მათ შორის, როგორ იქცეოდა პირველ სხდომაზე, როცა აშკარად ჩანდა, რომ სწრაფად უნდოდა გადაწყვეტილების მიღება. კლანის გაშვებას მაინც მივაღწევთ საბოლოო ჯამში.... მაგაზე [მოსამართლის აცილებაზე] მაგარი პასუხი გაგვცა: აზრი არ აქვს, მე რომც ამიცილოთ ისეთი მოსამართლე შეგხვდებათ, რომელიც იქ იყო, ყველა იქ ვიყავით, ყველა ვქეიფობდით. [გორში]

არის ვიდეოჩანაწერები, სადაც მთელი პერიმეტრი ჩანს, რომელიც ამ საქმეში გვჭირდება და მოვითხოვეთ, იქნება მოგვაწოდონ. შსს 15 წუთი ჩხუბობდა, რომ არცერთ შემთხვევაში ეგ ჩანაწერები არ მოიტანოთო" ,- თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, არაა გამორიცხული, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა ჯაფარიძე და მოსიაშვილი სცემეს, რის შედეგადაც  მოსიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ხოლო ჯაფარიძეს თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი