
ჰიროსიმაში G7-ის ლიდერების სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის.
შეხვედრაზე ზელენსკიმ იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინას აქვს ჰუმანიტარული, განაღმვითი და მობილური საავადმყოფოების კუთხით. ნარენდრა მოდის უკრაინის სახელმწიფოს ლიდერმა დეტალურად გააცნო უკრაინის სამშვიდობო ფორმულის ინიციატივა და მოუწოდა, ინდოეთიც შეუერთდეს მას.
ცნობისთვის, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებისგან განსხვავებით, ინდოეთს ჯერ კიდევ არ გამოუთქვამს უპირობო მხარდაჭერა უკრაინისთვის და არ დაუგმია რუსეთის შეჭრა.
გარდა ნარენდრა მოდისა, ზელენსკიმ შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერმინისტრებთან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა რიში სუნაკს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე მოლაპარაკებებში, ხოლო იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონთან განიხილა უკრაინის თავდაცვა და პოლიტიკური მხარდაჭერა.
ზელენსკი იაპონიაში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც. შეხვედრისას განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მოლაპარაკებების დაწყებისთვის.