"რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისი ომის შემდგომი ეტაპებისკენ პირდაპირი გზაა" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

„რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი კომპრომისი არის პირდაპირი გზა ომის შემდგომი ეტაპებისკენ, ესკალაციისკენ, გლობალური ტერორიზმის როლის მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ", - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკმა იტალიურ გაზეთ, La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პოდოლიაკის თქმით, ყველა იმ მასშტაბური ნგრევისა და მკვლელობის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, ისინი კრემლთან კომპრომისების ხასიათზე აღარ არიან.

მან ვრცელ ინტერვიუში გაიხსენა, რომ თითქმის ცხრა წლის განმავლობაში, უკრაინა ცდილობდა შეთანხმების მიღწევას მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ შედეგად მიიღო სრულმასშტაბიანი ომი, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.

რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი კომპრომისი არის პირდაპირი გზა ომის შემდგომი ეტაპებისკენ, ესკალაციისკენ, გლობალური ტერორიზმის როლის მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ. სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტია რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან. ნებისმიერი სხვა ინიციატივა დღეს არის რუსული გეგმის გატარების მცდელობა, ეს არის მიუღებელი პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავს არა მშვიდობას, არამედ უზრუნველყოფას, - თქვა პოდოლიაკმა.

გარდა ამისა, პოდოლიაკმა ისაუბრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ივლისში დაგეგმილ სამშვიდობო ფორმულის სამიტზე, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა. აღნიშნა, რომ უკრაინული მშვიდობის ფორმულა დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველია და სამიტის მონაწილეებს შეუძლიათ შეავსონ ის თავიანთი სასარგებლო იდეებით, მაგრამ მისი თქმით, მთავარი პუნქტი - რუსეთის მთელი უკრაინიდან გასვლაა.

დღეს მსოფლიო დემოკრატიის ლიდერები გაერთიანებულნი არიან ომის დასრულების სწორი გზის გააზრებაში. ჩვენ გვესმის, რა ინსტრუმენტებია საჭირო ამისთვის: იარაღი,  ტყვეთა ღია გაცვლა და დეპორტირებული მოქალაქეების დაბრუნება. მთავარია რუსეთის სამხედრო დამარცხება და ოკუპირებული ტერიტორიების ჩვენთვის გარდაუვალი დაბრუნება, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ინტერვიუს დასასრულს, მანვე უპასუხა შეკითხვას მიმდინარე წელს ომის დასრულების შესაძლებლობაზე. პოდოლიაკმა თქვა, რომ მისი დასრულება შესაძლებელია, თუკი დროულად მიიღებენ იარაღის საკმარის რაოდენობას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი