ბეირუთში მომხდარი აფეთქების მიზეზი, 2 800 ტონა ამონიუმის ნიტრატი, ლიბანში ბათუმის პორტიდან შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტვირთი ქართული პორტიდან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა 2013 წელს წაიღო.
გემი, რომელსაც რუსი მფლობელი ჰყავს, ლიბანის აკვატორიაში შესვლისთანავე დააკავეს და დააჯარიმეს. 2014 წელს კი საშიში ტვირთის კონფისკაცია განხორციელდა, რომელიც საწყობში მოათავსეს და 6 წლის შემდეგ ბეირუთში აფეთქების მიზეზი გახდა.
ხომალდი "როსუსი", რომელიც ახლაც ბეირუთის პორტში დგას, რამდენჯერმე იყო დაკავებული და დაჯარიმებული სხვადასხვა ქვეყნების მიერ. თუმცა, ბათუმის პორტში ის უპრობლემოდ მიიღეს, დატვირთეს საშიში ტვირთით და შორეულ ზღვაოსნობაში შეკითხვების გარეშე გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.