
ამერიკელი გენერალი, CIA-ს ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი, რომელიც მეთაურობდა საერთაშორისო ძალებს ერაყსა და ავღანეთში, BBC Radio 4- თან ინტერვიუში კონტრშეტევისას უკრაინის შესაძლებლობებს აფასებს - "ვფიქრობ, კონტრშეტევა ძალიან შთამბეჭდავი იქნება" - ამბობს ის.
''უკრაინელები საკმაოდ კატეგორიულები არიან, მათთვის გამარჯვება ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას ნიშნავს. დახურულ კარს მიღმა არ მიმდინარეობს არანაირი საუბრები, რომ ჩვენ შეგვიძლია დავთმოთ ის, ან ეს. ისინი სრულად მზად არიან გაათავისუფლონ საკუთარი ქვეყანა.'' - ამბობს გენერალი.
პეტრეუსი კონტრშეტევისას ამერიკის როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკის ამოცანაა, უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს პუტინი, რომ მისთვის ამ ომს პერსპექტივა არ აქვს. ამ შესაძლებლობაში იგულისხმება, არა მხოლოდ ბრძოლის ველზე დახმარება, არამედ უფრო მკაცრი სანქციები და ექსპორტის კონტროლის გზები.
პეტრიუსმა უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეიძლება შემცირდეს, თუ პრეზიდენტი "რესპუბლიკელი" კანდიდატი გახდება.
''ახლახან ვესაუბრე უფროს სენატორს, რომელსაც ვიცნობ ათწლეულებია. ის არის რესპუბლიკელი და ასევე უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უკრაინის მხარდაჭერა ორივე მხარეს ძალიან ძლიერია.'' - აცხადებს ამერიკელი გენერალი.