ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, საქართველოდან ტრანსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი გახდა. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო მედია უკვე პირდაპირ წერს, რომ ნივთიერება, რომლის აფეთქების ტალღამ 10 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი დააზიანა, 2013 წელს ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს. უკვე ცნობილია, რომ ბეირუთში დაკავებული გემი ბათუმის პორტიდან გავიდა და მისი საბოლოო დანიშნულება მოზამბიკის რესპუბლიკა იყო.
მედიის ინფორმაციით, გემი "როსუსი", რომელიც მოლდოვას დროშის ქვეშ ცურავდა, ბეირუთის პორტში 2013 წელს ტექნიკური პრობლემის გამო შევიდა. იმ დროს მას 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა. შემოწმების შედეგად ლიბანის პორტში აღმოაჩინეს, რომ გემს ცურვის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, ის დააკავეს, ტვირთი კი კონფისკაციას დაექვემდებარა. მედიის ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ნივთირება პორტის ერთ-ერთ საწყობში 2014 წელს მოათავსეს.
გემი "როსუსი" ოფიციალურად რუსული კომპანიის კუთვნილება იყო. მისი მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი ახლა კვიპროსის მოქალაქეა. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ როსუსი 1986 წელს წელსაა აგებული და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არაერთხელ შეიცვალა სახელი და დროშა, რომლის ქვეშაც საერთაშორისო წყლებში ცურავდა. "როსუსის" მფლობელი რუსული კომპანია საერთაშორისო სკანდალშიც იყო გახვეული და მის დაპატიმრებაზე სამი საერთაშორისო ორდერი იყო გაცემული. მედიის ინფორმაციით, ბეირუთის პორტში დაკავების შემდეგ გემის ეკიპაჟი და ტვირთი მფლობელმა მიატოვა. მეზღვაურები თვეების განმავლობაში გაუსაძლის მდგომარეობაში დაპატიმრებულები იყვნენ. 7 წლის წინ მომხდარი "როსუსის" ყოფილმა კაპიტანმა გაიხსენა - მისი ინფორმაციით, ბათუმიდან ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებისთვის გემის მფლობელმა სოლიდური გასამრჯელო დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე მიიღო.
ვინ გადაუხადა რუს ბიზნესმენს მილიონი და რისთვის იყო განკუთვნილი ტვირთი, ჯერ უცნობია. გემის მფლობელი რუსი ბიზნესმენი მედიასთან არ კონტაქტობს. როგორც წესი, ამონიუმის ნიტრატი სუფთა სახით სასოფლო სამეურნეო მიზნებნისთვის გამოიყენება. ფეთქებადსაშიში კი ის სხვადასხვა ნივთიერებებთან შერევის შემდეგ ხდება. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გარემოება, სამხედრო ბლოგერი კობა ნაროუშვილი ამბობს, რომ ამონიუმის ნიტრატის ყიდვისა და ტრანსპორტირების შემთხვევაში საკმაოდ ბევრი დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო, მათ შორის მიმღები პირებისგანაც, იმისთვის რომ მისი უკანონო საქმიანობისთვის გამოყენება თავიდან აცილებული იყოს.
ჰქონდა თუ არა ყველა დოკუმენტაცია რუსულ კომპანიას უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ასეთ დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა არ უარყოფენ, რომ 2013 წელს გემი "როსუსი" ამონიუმის ნიტრატით ბათუმის პორტში დაიტვირთა. გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო ამტკიცებს, რომ ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
ამ განცხადებით საზღვაო ადმინისტრაცია მთელ პასუხისმგებლობას ბეირუთის პორტს აკისრებს, თუმცა შეკითხვები მათთანაც არსებობს. თუ გემ "როსუს" პრობლემები ჰქონდა და მისი ექსპლუატაციის ვადაც გასული იყო, რატომ არ გადაამოწმეს ის საქართველოში. თუ ლიბანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ რუსული კომპანიის კუთვნილ გემს ცურვის უფლება აღარ ჰქონდა. რატომ მისცეს მას ბათუმის პორტის დატოვების უფლება. ამ შეკითხვებზე პასუხებს სატრასპორტო სფეროს ექსპერტები დაუყოვნებლივ ითხოვენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქმე შესაძლოა კორუფციულ გარიგებასთან იყოს.
საზღვაო ადმინისტრაციისა და ზოგადად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც.
ვის პასუხისმგებლობას გამოკვეთავს ლიბანური გამოძიება ჯერ უცნობია. მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, აფეთქება ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.