უკრაინამ რუსეთის შიგნით აგენტების ქსელი შექმნა, რომელსაც დრონებს აწვდიდა - CNN

გამოქვეყნდა:

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის შიგნით აგენტების ქსელი შექმნა, რომელიც რუსული სამიზნეების წინააღმდეგ დივერსიული აქტების განხორციელებაზე მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. CNN-ის ცნობითვე, უკრაინა ამ აგენტების ჯგუფს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის.

CNN-ის წყაროები დაზვერვიდან ფიქრობენ, რომ მაისის დასაწყისში კრემლზე დრონებით თავდასხმა სწორედ ამ პროუკრაინელ აგენტებს უკავშირდებათ, თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა ამ ქსელს რუსეთში განხორციელებული სხვა თავდასხმები.

მედიასთან საუბარში წყაროები აღნიშნავენ, რომ კიევმა ამ ჯგუფებს უკრაინული წარმოების დრონები მიაწოდა და არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ დრონებით განხორციელებული რომელიმე თავდასხმა აშშ-ს მიერ მიწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა.

CNN წერს, რომ უცნობია, ვინ აკონტროლებს ამ ქსელს, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ მასში უკრაინის სადაზვერვო სამსახური ჩართულია. ორი წყარო მედიას უყვება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაზღვრა ზოგადი პარამეტრები - რისი უფლება აქვთ მის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებს, თუმცა წყაროების თქმით, ყველა ოპერაცია მის ხელმოწერას არ მოითხოვს.

CNN კომენტარისთვის უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის სპიკერს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ იდუმალი აფეთქებები და დრონებით თავდასხმები რუსეთში გაგრძელდება. მისივე თქმით, აფეთქებების შესახებ ის კომენტარს უკრაინის გამარჯვების შემდეგ გააკეთებს.

CNN ასევე წერს, რომ რუსეთის შიგნით განხორციელებული თავდასხმები აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ დაგმეს, თუმცა გამოცემასთან პირად საუბარში ამერიკელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრანსსასაზღვრო თავდასხმები არის ჭკვიანური სამხედრო სტრატეგია, რომელსაც შეუძლია რუსული რესურსების ფოკუსირება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, იმ ფონზე, რომ უკრაინა ძირითადი კონტრშეტევისთვის ემზადება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი