ბელგრადი არ ეწინააღმდეგება მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის სერბული იარაღის მიყიდვას - ვუჩიჩი

გამოქვეყნდა:

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ის არ ეწინააღმდეგება იმ ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვას, რომლებიც სერბულ იარაღს უკრაინას მიაწვდიან, - ამის შესახებ ვუჩიჩმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა. 

როგორც გამოცემა წერს, ვუჩიჩის ეს კომენტარი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს რომ ბალკანეთის რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ახლო პარტნიორი დასავლეთისკენ იხრება. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ მანამდე ვუჩიჩი მოსკოვის მხარდაჭერის ნიშნად უარს აცხადებდა, რომ დასავლეთის სანქციებს შეერთებოდა, თუმცა ახლა მისი განცხადებები სერბეთის კურსის ცვლილებების მაჩვენებელია. ვუჩიჩის თქმით, მან იცის აშშ-ის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ სერბეთის იარაღი უკრაინაში მესამე ქვეყნების გავლით შედის და ამაში ჩარევას არ აპირებს. 

"შესაძლებელია რომ ეს მართლა ხდებოდეს? მე არ მაქვს ეჭვი, რომ ეს მართლა შეიძლება მოხდეს. სხვა რა ალტერნატივა გვაქვს? არ ვაწარმოოთ იარაღი? არ გავყიდოთ ის?" - ეუბნება სერბეთის პრეზიდენტი გამოცემა FT-ს.

ჟურნალისტის კითხვას, დასთანხმდებოდა თუ არა სერბეთიდან უკრაინაში იარაღის პირდაპირ ექსპორტს, ვუჩიჩმა უპასუხა, რომ სერბეთი ნეიტრალურობისკენ მიდის, თუმცა იცის რომ შეიძლება ზოგიერთი იარაღი უკრაინაში მოხვდეს.

მისივე თქმით, სერბეთი არ აპირებს რომ რუსეთს ომის წარმოებაში დაეხმაროს და ამის დასტურად ჟურნალისტს ახსენებს, რომ სერბეთმა გაეროს ყველა რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სერბეთი ასევე შეუერთდა ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების რე-ექსპორტის აკრძალვას. 

"ჩვენ არ გავხდებით ჰაბი რუსეთში რაიმეს რე-ექსპორტისთვის," - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტს. 

მისივე თქმით,  იგი კრემლთან კონტაქტზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა, გარდა მოსკოვიდან სტუმრების მიღებისა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი