
"კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან დაახლოებით 40 ათასი ადამიანის ევაკუაციაა საჭირო" - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა. მისი თქმით, ამ ადამიანების უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
„უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 17 ათასზე მეტი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას, უკრაინის მთავრობამ უკვე დაიწყო ევაკუაცია. გარდა ამისა, უკრაინის მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე უნდა მოხდეს 25 ათასამდე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებზეც საოკუპაციო „ხელისუფლება“ საერთოდ არ ფიქრობს“, - თქვა ლიტვინოვამ.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დატბორილი დასახლებები საცხოვრებლად ამჟამად უვარგისია.
"დატბორვის ზონაში 80-მდე დასახლებული პუნქტი იყო. დაზიანდა და განადგურდა სახლები. კახოვკას არხი, რომელიც წყლით ამარაგებს ოკუპირებულ ბერდიანსკს, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის რეგიონების დასახლებების უმეტესობას, შესაძლოა უწყლოდ დარჩეს", - განაცხადა ლიტვინოვამ.
მან დასძინა, რომ ოკუპირებული ყირიმის სასმელი წყლით მომარაგებაც რთულია.
"უკრაინის სამხრეთში სარწყავი სისტემის დამატებითი პრობლემაა. მიწის ნაკვეთები დატბორილია და ვერ გამოიყენება დანიშნულებისამებრ. ნიადაგის დეგრადაცია, ფლორისა და ფაუნის ცვლილება გველოდება", - ხაზგასმით აღნიშნა ლიტვინოვამ.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მოახდინა 1300-მდე ადამიანის ევაკუაცია.
„წინასწარი ინფორმაციით, დატბორილია დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 13 დასახლებული პუნქტი და 260-ზე მეტი სახლი. მოსახლეობის დახმარების პუნქტებში სამაშველო სამსახურის ფსიქოლოგები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო ძალების რეზერვისტები მუშაობენ. შექმნილია სამსახური საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოსაფხვრელად“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.
6 ივნისს გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰესის კაშხალი ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, არსებობს მტკიცებულება კაშხლის ოკუპანტების მიერ დისტანციური აფეთქების შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ჰესი ჯერ თავადვე დანაღმული და შემდეგ ააფეთქეს.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სარისკო ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის შესახებ. მოსახლეობის ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კრემლი მომხდართან კავშირს უარყოფს და ტრადიციულად, უკრაინას აბრალებს.