
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა სახელმწიფოს, რეაგირება ჰქონდეთ ეკოციდის აქტზე, რომელიც ურსეთმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით ჩაიდინა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სჭირდებათ დაუყოვნებლივი და მაქსიმალური გლობალური პასუხი რუსეთის ტერორზე.
"მივმართავ მსოფლიოში ყველას, ვინც სიცოცხლეს აფასებს, დღეს უკრაინის მიწაზე რუსმა ოკუპანტებმა ჩაიდინეს ეკოციდის ყველაზე დიდი დანაშაული და არა მხოლოდ ამ ომის დროს, არამედ ათწლეულების განმავლობაში.
ფაქტობრივად, განადგურდა კახოვკის წყალსაცავი, ერთ-ერთი უდიდესი უკრაინაში. 18 მილიარდი კუბური მეტრი წყალი.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ყველა სტრუქტურა, მისი კაშხალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო რუსი დამპყრობლების სრული კონტროლის ქვეშ.
ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გვქონდა ინფორმაცია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დამპყრობლების მიერ დანაღმვის შესახებ. განზრახ გააკეთეს. პირველ რიგში, მსოფლიოს შანტაჟი. მეორე, კაშხლის აფეთქება და წყალდიდობის იარაღად გამოყენება. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, წყალდიდობის ზონაში შედის დასახლებები, სადაც სულ მცირე ათიათასობით ადამიანი რჩება.
ცნობისთვის, 6 ივნისის დილას ცნობილი გახდა, რომ რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვის რისკის წინაშე არსებული დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება. რუსეთი, ტრადიციულად, ბრალდებებს უარყოფს.