
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. მედვედევი ამტკიცებს, რომ "კიევის რეჟიმი" იძულებულია ასე მოიქცეს და ამით გაამართლოს დასავლური დახმარებები, წინააღმდეგ შემთხვევაში "ამერიკელი აგენტები" მათ "ფულის ფლანგვაში დაადანაშაულებენ".
"მტერი დიდი ხანია გვპირდება დიდ კონტრშეტევას.
და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო.
გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. შეტევა უნდა. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ." წერს ის.
მედვედევი "კიევის რეჟიმს" ნარკომანებად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მათ "მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ" - წავიდეს ბოლომდე და ათასობით "მობილიზებული სასიკვდილოდ გაგზავნოს".
"მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს. ამიტომ, ახლა მთავარია მაქსიმალურად კონცენტრირება და ღირსეული პასუხის გაცემა" წერს მედვედევი.
მისი აზრით, რუსულ არმიას აქვს "მნიშვნელოვანი უპირატესობა ავიაციაში, ჯავშანტექნიკაში და მაღალი სიზუსტის იარაღში. და, რა თქმა უნდა, მორალური სიმაღლე".
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ მტერი და შემდეგ დავიწყოთ შეტევა." წერს მედვედევი.