
თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად, კომისიის შექმნას სთავაზობს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლები - CNN Turk -ის ინფორმაციით, ამ თემაზე ერდოღანი ზელენსკის დღეს, ტელეფონით ესაუბრა.
მედიის ინფორმაციითვე, ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი მზადაა ამ მხრივ ყველაფერი გააკეთოს და "მარცვლეულის დერეფნის" შეთანხმების მსგავსად, მოლაპარაკებების ფორმატი დაიცვას.
შეგახსენებთ, კახოვკას ჰესის კაშხალი რუსებმა გუშინ, 6 ივნისს ააფეთქეს, რამაც უკრაინის ტერიტორიების დიდი ნაწილის დატბორვა გამოიწვია. სარისკო დასახლებებიდან უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს მასობრივი ევაკუაცია.
"თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებულის, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებასა და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებაზე." ნათქვამია ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.