
უკრაინის ხელისუფლებამ რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ ინფორმაცია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცა და სთხოვს, გამოიძიოს ჰესზე თავდასხმის საქმე.
„ჩვენ გადავეცით ინფორმაცია, რომელიც გვაქვს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ფაქტზე და მწვანე შუქი ავუნთეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისს, რათა მათ თავიანთი მხრიდან ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატარონ“, - აცხადებს უკრაინულ მედიასთან უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, მაქსიმ პოპოვი.
გენერალური პროკურორის მრჩევლის თქმით, ასეთი მოთხოვნა გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის ხელისუფლებას „ნაწილობრივ არ აქვს წვდომა დაზარალებულ ტერიტორიებზე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომელიც აძლევს მას შესაძლებლობას გამოიძიოს ეს საქმე".
რუსეთი კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებაში მონაწილეობას ტრადიციულად უარყოფს და მომხდარში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს.