კატასტროფის მასშტაბები გიგანტური ხდება. რუსეთის მიერ ჩადენილი ტექნოგენური დანაშული უკვე შეფასდა, როგორც ევროპაში მომხდარ კატასტროფებს შორის უდიდესი. ათასობით კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია დატბორილია. 80-ზე მეტი სოფელი და მცირე ქალაქი ფაქტობრივად მთლიანად წყალქვეშ არის მოქცეული. კახოვკის კაშხლიდან მდინარე დნეპრის დინების გასწვრივ ტერიტორია თითქმის ოთხი მეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული. დასახლებებიდან, რომლებიც ომის გამო ისედაც დაცლილი იყო, დამატებით 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული - და ეს მხოლოდ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რუსეთი კი ძირითადად დანაშაულის უარყოფით არის დაკავებული. დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელსაც რუსული არმია აკონტროლებს, ჰუმანიტარული კატასტროფა კიდევ უფრო მძიმეა - მოსკოვი, სამაშველო სამუშაოების ორგანიზების ნაცვლად, სამხედრო პოზიციებზე ზრუნვით არის დაკავებული. მუდმივი დაბომბვით რუსები უკრაინულ სამაშველო ოპერაციებსაც აფერხებენ. სამხედროები, რომლებიც არც კი გააფრთხილეს დაბომბვის შესახებ პანიკურად იხევენ უკან. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთი ასეთი ასეული უკან დახევის დროს თავად რუსმა მეტყვიამფრქვევეებმა გაანადგურეს.