
ლიეტუვა სახელმწიფოს სახელით ნასესხები სახსრებიდან უკრაინისა და მოლდოვას დასახმარებლად 20 მილიონ ევროს გამოყოფს.
ლიეტუვას ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხებიდან 10 მლნ უკრაინისა და მოლდოვას აღდგენას მოხმარდება. კიდევ 10 მლნ კი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ანტიკრიზისული ღონისძიებების სპეციალურ პროგრამაში გადაირიცხება.
ფინანსთა მინისტრის, გინტარე სკაისტეს თქმით, ლიეტუვა და სხვა ქვეყნები უკრაინას ადრე როგორც ფინანსურ, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ, მაგრამ ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ლიეტუვამ უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით 950 მლნ ევროზე მეტი გამოუყო. ქვეყანა უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაგზავნის, ხერსონის რეგიონში, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო.