წყალდიდობას და რუს ოკუპანტებს უკრაინა ერთდროულად ებრძვის. ხერსონის ოლქში, სადაც კახოვკის დამბის აფეთქების შემდეგ დასახლებული პუნქტების უმრავლესობა წყლის ქვეშ არის მოქცეული, სამაშველო ოპერაციას მხოლოდ უკრაინული მხარე ახორციელებს.
რუსები არათუ უმოქმედოდ არიან, უარესიც - აქტიურად ესვრიან წყალში, ადამიანების გადასარჩენად შესულ ნავებსაც. დაბომბვის სამიზნე დღეს იყო თავად ქალაქი ხერსონიც - სადაც მოულოდნელად ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ჩავიდა.
სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად, სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ცნობები უკრაინული არმიის გააქტიურების შესახებ. დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საპოროჟიესა და ბახმუტში კონტრშეტევის წარმატებულ განვითარებაზე წერს.