რუსულ მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური, დენის კოპუსტინი აცხადებს, რომ 11 ივნისს, სამხედრო ტყვეების გაცვლის დროს, ყოფილმა "ვაგნერელმა" უარი თქვა გაცვლაზე და პროუკრაინულ ჯგუფში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.
"ერთ-ერთმა ტყვემ, ვლადისლავ იზმაილოვმა, რომელიც ადრე იბრძოდა ვაგნერის რიგებში, უარი თქვა გაცვლაზე და გამოთქვა სურვილი გამხდარიყო РДК-ს მებრძოლი. შესაბამისი შემოწმების შემდეგ, სიამოვნებით მივცემთ ვლადს ჩვენს რიგებში ბრძოლის შესაძლებლობას", - თქვა მან.
РДК-მ განაცხადა, რომ რუსეთის მხარესთან გაცვალეს ბელგოროდის ოლქის ნოვაია ტავოლჟანკას მახლობლად გამართულ ბრძოლებში ტყვედ ჩავარდნილები.
ცნობისთვის, 11 ივნისს, ტყვეების გაცვლის შედეგად, უკრაინამ 95 ჯარისკაცი დაიბრუნა. დაბრუნებულ ტყვეებს შორის მარიუპოლში, ზმეინის კუნძულზე, ასევე ბახმუტში მებრძოლები და აზოვსტალის დამცველები არიან.