ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება მისი "დაჟინებული მოთხოვნა" იყო.
ლუკაშენკოს განმარტებით, ბირთვული იარაღი ბელარუსის უსაფრთხოების გარანტიებისთვის დასჭირდა.
"ეს იყო ჩემი მოთხოვნა. რუსეთს არ დაუძალებია ის ჩემთვის. რატომ? იმიტომ, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამ სამყაროში არავის არ უომია ბირთვულ სახელმწიფოსთან. და მე არ მინდა რომ მათ ჩვენ დაგვიწყონ ომი. არსებობს ასეთი საფრთხე? კი და მე უნდა ავიცილო იგი თავიდან," - ამბობს ლუკაშენკო ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი 7-8 ივლისის შემდეგ დაიწყება.
ბირთვული იარაღის გადაწყვეტილების შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 25 მაისს მოაწერეს. ინიციატივის შესახებ პირველი განცხადება პუტინმა 25 მარტს გააკეთა.