
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ორი მოწმე გამოჰკითხა, მათ შორის პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მანქანა დაწვეს.
სხდომის დაწყებამდე, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით - ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ბრალდებულის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება [IPN] - ამტკიცებს პროკურორი.
სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ახალგაზრდა 29 მარტს დააკავეს. ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.