ვილნიუსის სამიტზე განიხილება უკრაინის დაახლოება ნატოსთან, ახლოს ვართ ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნასთან - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ივლისში, ვილნიუსის ნატოს სამიტზე, მისი წევრები განიხილავენ არა მოწვევას, არამედ იმას, თუ როგორ დააახლოონ უკრაინა ნატოსთან - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, 16 ივნისს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ გეგმას სამი ელემენტი აქვს -  უკრაინის ნატოსთან პრაქტიკული თვალსაზრისით დაახლოება, რაც გულისხმობს დახმარებას საბჭოთა სტანდარტებიდან დასავლურზე გადასვლაში და ალიანსის წევრების ჯარებთან თავსებადობის გაზრდა.

მეორე ელემენტი არის პოლიტიკური: „ჩვენ ახლოს ვართ ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებასთან და ახალი საბჭოს პირველი შეხვედრის ჩატარებასთან ვილნიუსში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად“ - ამბობს სტოლტენბერგი. 

მისივე თქმით, ნატო-უკრაინის არსებული კომისიისგან განსხვავებით, ახალი საბჭოს ფარგლებში, უკრაინას ექნება იგივე უფლებები, რაც ალიანსის სხვა ქვეყნებს და კონსულტაციების იგივე შესაძლებლობები. გარდა ამისა, ეს ორგანო შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას.

"მესამე ელემენტი დაკავშირებული იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ საკითხთან, პრინციპში, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება.

ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინა დაუახლოვდა ნატოს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოკავშირეებმა და უკრაინამ. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი