პუტინის განცხადებით, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი ნაწილი უკვე ჩატანილია

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი ნაწილი ჩატანილია.  

როგორც პუტინი ამბობს, წლის ბოლომდე ბელარუსთან დადებული შეთანხმება, ბირთვული იარაღის მათ ტერიტორიაზე განთავსების შესახებ, სრულიად შესრულდება.

"ბირთვული იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ საფრთხე შეექმნება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ანუ, რუსეთის სახელმწიფოს არსებობას. ბირთვული იარაღი სწორედ ამისთვის იქმნებოდა, თუმცა ჩვენ ამის აუცილებლობა ახლა არ გვიდგას.

ჩვენ ეს იარაღი გაცილებით მეტი გვაქვს ვიდრე ნატოს ქვეყნებს და ამიტომ ცდილობენ, რომ დაგვიყოლიონ მოლაპარაკებებზე და ამ იარაღის შემცირებაზე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ იმიტომ რომ ეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, რომ ამ შეიარაღების ნაწილს გადავიტანდით ბელარუსის ტერიტორიაზე და ეს ასეც მოხდა, პირველი ნაწილი უკვე ჩატანილია და წლის ბოლომდე ამ შეთანხმებას სრულად შევასრულებთ, თუმცა ეს არის შემაკავებელი ფაქტორი, რადგან ყველამ ვისაც გადაწყვეტილი აქვს რომ სტრატეგიული მარცხი განვიცადოთ, არ დაავიწყდეთ ამ შესაძლებლობების შესახებ," - ამბობს პუტინი პეტერბურგის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც პუტინმა მაშინ განაცხადა, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი 7-8 ივლისის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. 

ბირთვული იარაღის გადაწყვეტილების შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 25 მაისს მოაწერეს. ინიციატივის შესახებ პირველი განცხადება პუტინმა 25 მარტს გააკეთა. 13 ივნისს კი ლუკაშენკომ თქვა, რომ იარაღის მის ტერიტორიაზე განთავსება მისი "დაჟინებული მოთხოვნა" იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი