საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული - კობახიძე "მოთვინიერებაზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმს - "მოთვინიერებას" სამარცხვინოს უწოდებს. 

ფილმი "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეხება. კობახიძეს ჟურნალისტებმა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხეს.

"ამ საკადრო საკითხებთან ამ ფილმს რა კავშირი აქვს, მე არ ვიცი. თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფილმი სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ სამარცხვინო ფილმია, რაც კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღო კონკრეტულმა რეჟისორმა. რეალურად,  ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიურიო პარკი, რომლის ანალოგი არ არსებობს არც რეგიონში და არც უფრო ფართო მასშტაბით და ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა.

საკადრო გადაწყვეტილებებთან რა კავშირი აქვს ამას, ეს მისი პასუხისმგებლობაა", - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ექნებათ თუ არა რეჟისორებს მსგავსი შინაარსის ფილმების გადაღების შესაძლებლობა, კობახიძემ თქვა, რომ ფილმი შეიძლება იყოს, კრიტიკულიც, პოლიტიკურად სენსიტიურიც, თუმცა "სამარცხვინო შინაარსის ფილმი" არ უნდა ფინანსდებოდეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმითვე, ფილმის დაფინანსების მიღმა პოლიტიკური მიზნები იკვეთებოდა.

"სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინც და მაინც კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან და როცა აბსურდს აფინანსებს, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და გამართლება.

კინოცენტრი ხომ ხელისუფლების მიერ კომპლექტდება, მხოლოდ ამ კუთხით ერევა ხელისუფლება კინოცენტრის საქმიანობაში. აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის. ეს კონკრეტული მაგალითია, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც შეიძლება იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც, მაგრამ როცა აბსურდზე იღებ ფილმს, ეს რა თქმა უნდა გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს", - თქვა კობახიძემ.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 2022 წლის აპრილში საქართველოში კინოაკადემიამ მისი ჩვენებები "კინოს სახლში" გააუქმა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი