"ნიკა გვარამია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, სასამართლოსგან რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ ველოდით" | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამია არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, სასამართლოსგან რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ ველოდით", - ასე აფასებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველი ქეთევან ჩომახაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 
 
როგორც ჩომახაშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს,  მიღებულ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერი არ იყო, რადგან ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურია.

"დღეის მოცემულობით, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში  ნიკა გვარამია ცნობილია დამნაშავედ ორ ეპიზოდში. 220 მუხლებით და საბოლოოდ სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. არაფერი გასაკვირი ამ გადაწყვეტილებაში არ იყო. ყველამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური. ნიკა გვარამია არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, სასამართლოსგან რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ჩვენ არ ველოდით", - ამბობს ქეთი ჩომახაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი