
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ისა და NATO-ს პოლიტიკამ შესაძლოა პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს ბირთვულ ძალებს შორის.
როგორც ზახაროვა ამბობს, აშშ და NATO აგრძელებენ ფსონების აწევას და უკრაინის სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას.
"ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიყენების აგრესიული პოლიტიკით მათ საკუთარი თავის პროვოცირება მოახდინეს. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. აშკარაა, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ავხსნათ ამ კუთხით წარმოქმნილი სტრატეგიული რისკების არსი და მოვლენების შემდგომი განვითარების პოტენციურად კატასტროფული ხასიათი უარესი სცენარის შემთხვევაში", - ამბობს მარია ზახაროვა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა რუსი პოლიტიკოსები ბირთვული დაპირისპირებით იმუქრებიან. მანამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც 10 ან მეტი ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებისთვის უახლოეს პერიოდში განლაგდება.