"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სინამდვილესთან აცდენილია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი რუსეთის მიერ დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადის დაძლევაში. ამ თემაზე მანამდე რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან დავიდოვმა ისაუბრა და თქვა, რომ ზემო ლარსის პუნქტზე გაზრდილ ტვირთბრუნვაზე ისაუბრა.
კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებენ, რადგან ეს, მისი მტკიცებით, მოსახლეობას სჭირდება.
"რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, უამრავი სხვა ძალიან დიდი ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%, აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს რაღაც არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება ჩვენ მოსახლეობას, და რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება", - თქვა კობახიძემ.