არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოუწოდებს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, "შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს", - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
TI თეა წულუკიანის კულტურის პოლიტიკას "რეპრესიულს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები ინიშნებიან".
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ 2021-2022 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 29 თეატრიდან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2021 წლის დეკემბერში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის 4 წლიანი ვადა გაუვიდა. წულუკიანის გადაწყვეტილებით, თეატრის ხელმძღვანელთა ნაწილი უკონკურსოდ დაინიშნა, მათ შორის რობერტ სტურუა. 2022 წლის მანძილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან სულ მცირე 20 თანამშრომელი გათავისუფლდა. 2022 წლის 14 მარტს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც კინოცენტრის დაფინანსების შემცირება, სტრუქტურული რეორგანიზაცია და თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა.