უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სასამართლო სისტემაში კორუფციულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. საკითხი დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოზე განიხილეს.
"არის წინადადება სასამართლო სისტემაში კორუფციულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ, რათა ის ხელშესახები გახდეს. ის ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობასა და ქონების კონფისკაციას. ეს უნდა ეხებოდეს მათ, ვინც ფულს სძალავს, იღებს ფულს, მხარს უჭერს ამ კორუფციულ სისტემას მის ყველა დონეზე. უნდა მოხდეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და არა მხოლოდ დანიშვნამდე. დროს, სამწუხაროდ, შეუძლია შეცვალოს ადამიანები, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის დასაწყისში დადებითი აზრი ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ღირს მათი, მათ შორის, პოლიგრაფის გამოყენებით შემოწმება," - განაცხადა სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოზე განიხილეს ამოცანები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს ევროკომისიის თითოეული რეკომენდაციის სრულად შესასრულებლად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ თითოეულ ამ სფეროში საჭირო საპროტოკოლო ინსტრუქციები გასცა.