რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი "რუსი ხალხის გენოციდში" დაადანაშაულა.
"მათ პასუხი უნდა აგონ რუსი ხალხის გენოციდის, რუსეთის ათიათასობით მოქალაქის მკვლელობისა და რუსეთის ტერიტორიების მტრისთვის გადაცემის გამო. გადაცემა არის მიზანმიმართული, ისევე, როგორც რუსეთის მოქალაქეების მკვლელობა და გენოციდი", - განაცხადა პრიგოჟინმა.
"ვაგნერელების" ლიდერმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაქირავებულთათვის არასაკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდებაში არაერთხელ დაადანაშაულა. გარდა ამისა, უკანასკნელ პერიოდში ის ხშირად აკრიტიკებს შოიგუსა და გერასიმოვს.