"საქართველოში, პრეზიდენტმა ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეიწყალა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Monde.
სტატიის ავტორი წერს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქმებოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმა მის გათავისუფლებას და მიიჩნია როგორც "არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ რამდენიმეთვიანი ეროვნული და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.
მანამდე, ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის მფლობელის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ბ-ნი გვარამიას სასამართლო პროცესმა და გასამართლებამ გააჩინა კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეთრინ კოლონამ 28 აპრილს თბილისში ვიზიტისას გაიმეორა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა პოლიტიკურ ძალას, გაერთიანდნენ რეფორმების დასაჩქარებლად, განსაკუთრებით კი ფოკუსირდნენ ევროკომისიის მიერ 21 ივნისს წარდგენილ ზეპირ მოხსენებაში გამოვლენილი თორმეტი ძირითადი პრიორიტეტის განხორციელების პროგრესზე, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.