რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრემლი აქვეყნებს პუტინის ვიდეომიმართვას, სადაც ის ახალგაზრდებს ახალგაზრდობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ "რუსეთისთვის ურთულესი გამოწვევები ყველა რესურსისა და ძალის მობილიზებას აიძულებს". მიმართვა რუსულ Telegram-არხებზე ვრცელდება.
"ახლა მთელი მსოფლიო სწრაფად იცვლება. ასეთი ურთულესი გამოწვევები გვაიძულებს ყველა რესურსისა და ძალის მობილიზებას, მაგრამ ცვლილება ხსნის უნიკალურ შესაძლებლობებს თქვენთვის და მთელი ქვეყნისთვის. ეს არის რუსეთის დრო, თქვენი დრო", - თქვა პუტინმა თავის მიმართვაში.
აღნიშნული ვიდეომიმართვა კრემლის ვებგვერდზე 24 ივნისს შუაღამისას გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, სიტუაცია რუსეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.
"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას... შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.
პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამება".