2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვისა და შსს-ს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და ქვეყნის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები და პრეზიდენტი მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგებენ პატივს.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა არმიამ როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოიჭრა და ომი დაიწყო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა როგორც ჯარისკაცებისა და პოლიციელების, ისე სამოქალაქო პირების. საოკუპაციო ხაზის იქით მოექცა 125 სოფელი. 20 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.