
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს და სხვა თანაგუნდელებს მსგავსი პოზიცია აქვთ. კობახიძემ გუშინ, 7 აგვისტოს, პალიტრანიუსის ეთერთი განაცხადა, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, სააკაშვილი და პუტინი.
თქვენ ფიქრობთ, რომ ირაკლი კობახიძე სხვა პოზიციაზე იქნება და რომელიმე ჩვენი თანაგუნდელი სხვა პოზიციაზე იქნება?! ამ კითხვას მისვამთ?! რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ, ის რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, აქ არის არჩილ ტატუნაშვილის საფლავი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა რასაკვირველია აქვს რუსეთის ფედერაციას და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, მაშინდელი ხელისუფლების შეცდომები, ლიდერების ქცევა და მიღებული გადაწყვეტილებები სხვა განსჯის საგანია და დღეს, 2020 წლის 8 აგვისტოს ყველას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და 12 წლის წინ დაღუპულთა გამო საერთო ტკივილი აერთიანებთ.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, 8 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის შემოსვლა საქართველოში მათ განაპირობეს - რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა და ამ ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა.
წინა ხელისუფლებას ომში პასუხისმგებლობა დააკისრა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემაც, რომელმაც თქვა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, თუმცა წინა ხელისუფლებამ "ვერ მოახერხა, ეს დიდი უბედურება აერიდებინა ქვეყნისთვის".
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.