ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, 8 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ვისაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ბრალეულობის ღიად სახელდება უჭირს, ეს მათი პრობლემაა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ამას "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აკეთებს.
ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, პირდაპირ ასხამენ მტრის წისქვილზე წყალს. ეს არის ფაქტობრივად მიმართვა რუსეთისადმი, რუსეთის დახმარებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და რუსეთის დახმარებითვე უნდათ დარჩნენ ხელისუფლებაში. მათთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და მის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს ინტერესების გაწირვა, - თქვა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყნის ხელისუფლება აბრალებს ომის დაწყებას საქართველოს, მისი თქმით, ესაა რუსეთი და თავად საქართველო.
მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს მეგობრები, მხარდამჭერები, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოება, ომის დაწყების თარიღად მიიჩნევს 7 აგვისტოს, გუშინდელ დღეს, როცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელბიც არ შედიოდნენ ე.წ. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მხოლოდ ორი ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს და მხოლოდ ორი ქვეყნის მთავრობა მსოფლიოში აბრალებს საქართველოს ომის დაწყებას, ესაა რუსეთის მთავრობა და ესაა ჩვენი საკუთარი ქვეყნის მთავრობა, - თქვა გიორგი კანდელაკმა.
"ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პრობლემაა, როცა ომიდან 12 წლის შემდეგ ისევ იგივე კომენტარებს ვისმენთ.
ეს არის იმ უბედურების თავი და თავი, რომ ეს დედები, სამწუხაროდ ამბობენ, რომ არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი შვილები ტყუილუბრალოდ დაიღუპნენო, - ნინო ბურჯანაძემ.
რაც შეეხება პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას, მან აგვისტოს ომში რუსეთის ბრალეულობას გაუსვა ხაზი.
აგრეისა რომელიც განახორციელა რუსეთმა და ეს იყო ოკუპაცია, მტრული დამოკიდებულება, ეს იყო ღია თავდასხმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აგრესიული შემოჭრა, ვისაც ამის სახელდება უჭირს ეს მისი პრობლემაა და ამას ალბათ საზოგადოება ხედავს, - თქვა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ, 7 აგვისტოს, პალიტრანიუსის ეთერთი განაცხადა, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, სააკაშვილი და პუტინი.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, 8 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის შემოსვლა საქართველოში მათ განაპირობეს - რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა და ამ ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა.
წინა ხელისუფლებას ომში პასუხისმგებლობა დააკისრა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემაც, რომელმაც თქვა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, თუმცა წინა ხელისუფლებამ "ვერ მოახერხა, ეს დიდი უბედურება აერიდებინა ქვეყნისთვის".
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.