რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იყოს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვენლი, ევგენი პრიგოჟინი.
"ასეთი მონაცემები არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით", - თქვა მან ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, აქვს თუ არა კრემლს მონაცემები პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში, მინსკის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. აღნიშნული ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ:
რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო. პრიგოჟინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გადაკვეთეს საზღვარი, "ვაგნერის" მებრძოლებმა როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. რუსეთის "ფსბ"-მ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ვლადიმერ პუტინმა დაჯგუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და თქვა, რომ მასში მონაწილეები პასუხს აგებდნენ. პრიგოჟინი ამბობდა, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევიდოდნენ. ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამგზავრებულიყო.