დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ქმედება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სასამართლო სხდომის კადრების გამოქვეყნების შემდეგ,  „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა მიიღო „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი“ გადაწყვეტილება.

„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია პროტესტის გამოხატვაა. მეორე დონე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება.  რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს", - განაცხადა კულებამ. 

მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში თბილისში გამომგზავრებამდე, სამშაბათს დილითაა დაბარებული. კულება მასთან "მძიმე საუბარს" აანონსებს.

კულებას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო „ნამდვილად სურს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯა“ და მოქმედებს „სტალინური მეთოდებით".

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს,  სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

ყველაზე მწვავე იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უპრეცედენტო და უკიდურესი დიპლომატიური გადაწყვეტილება მიიღო და 48 საათის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი