რადას დეპუტატი, ელიზავეტა ბაგუცკაია "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გზას ირჩევს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ განაცხადი შეიტანა და ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, იმისთანებისთვის პრიორიტეტი, მაინც რუსეთთან ურთიერთობაა.
"ეს არ იყო პრეზიდენტ ზელენსკის პირველი განცხადება მიხეილ სააკაშვილზე. მას ადრეც ჰქონია კონტაქტები საქართველოს ელჩთან და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ირჩევს რუსეთთან ურთიერთობის გზას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადება შეიტანეს, პრიორიტეტს მაინც რუსეთთან ურთიერთობას ანიჭებენ. რამდენიმე ხნის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ოფიციალურად აღიარა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და თუ ასეთ სახელმწიფოსთან საქართველოს მთავრობას ექნება ასეთი მჭიდრო ურთიერთობები, მაშინ ეს აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე.
ჩვენ ვთავაზობთ ქართულ მხარეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოსცენ უკრაინას, რომლის მოქალაქეც ის არის და სადაც ის დაპატიმრებამდე ცხოვრობდა, რათა მან აქ სამედიცინო მკურნალობა გაიაროს. რომელ კლინიკაში გაივლის, რამდენი ხანი დასჭირდება და ასე შემდეგ, ამაზე მოვილაპარაკებთ ცალკე. მეორე ვარიანტია, რომ მოგვცენ საშუალება, გადავიყვანოთ ის მესამე ქვეყანაში, რათა იქ იმკურნალოს", - ამბობს რადას დეპუტატი.
რაც შეეხება სანქციების საკითხს, მისი თქმით, ამაზე მუშაობას არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპაც. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პერსონალური სანქციები მალე დაწესდება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ სია მუშავდება და მათ შორის ეს შეეხება საქართველოს "მთავარ ოლიგარქს".
"რაც შეეხება სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წევრების მიმართ, ამაზე მუშაობს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპული მხარეც. მე მგონია, რომ პერსონალური სანქციები ძალიან მალე იქნება დაწესებული, ხოლო რაც შეეხება უფრო ფართო სანქციებს, საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული იქნება, თუ მას ევროკავშირში არ მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ ის, რისთვისაც იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველო ევროპული გზით წაეყვანა, ახლა დგება საფრთხის ქვეშ. საქართველო ახლა შეიძლება ჩაეფლოს იმ პერიოდში, რომელშიც სააკაშვილამდე ცხოვრობდა. მაშინ საქართველო ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო, ქვეყანას "ქურდული რეჟიმები" მართავდა და სააკაშვილის დროს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ასე რომ, მთავარი სანქცია საქართველოსთვის იქნება ევროკავშირის დახურული კარი. პერსონალური სანქციები კი ახლა მუშავდება და სია მალე გახდება ცნობილი. მათ შორის ეს შეეხება თქვენს მთავარ ოლიგარქს", - ამბობს პოლიტიკოსი.