
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთ ადამიანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე კიდებს ერებს შორის ურთიერთობას. მისივე თქმით, როდესაც ომი დასრულდება, უკრაინის ხელისუფლებასთან ყველა საკითხზე ექნებათ მკაფიო საუბარი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა კაპრიზია და "კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობა".
"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების წინაშე, და ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველოს ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, და განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა მეგობრობის დაფასების, მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული ასე ვთქვათ წინააღმდეგობის, როდესაც ერთ ადამიანზე კიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და უპირველეს ყოვლისა არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას, მე ვთქვი გუშინაც, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ თავად უკრაინისთვის არის დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება", - თქვა პაპუაშვილმა.
მან კიდევ ერთხლე გაიმეორა, რომ უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი, არამედ სამართლებრივი ომიც მოსაგები აქვს და სტრასბურგის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მათ დააზიანებს.
"აქ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი, თავდაპირველად, მაშინ როდესაც ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდა დატოვებული და უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა უკრაინიდან. ის ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო ელჩებს შორის, ვინც დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, მაშინ როცა აშშ-ის, გერმანიის თუ სხვა ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როცა სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ როდესაც ხდება ამ ელჩის გამოძევება ქვეყნიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. ამიტომ მე მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაშია ადამიანი თუ ოპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ არ უნდა იყოს, როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოუკიდებლობა, ყელა უნდა იყოს მკაფიო ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას დღემდე ჰყავს შეფარებული კრიმინალები ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის სახით.