აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემენ. ამის შესახებ დღეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისგან მიიღეს პირობა, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ამ საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგები.

სალივანის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების ერთსულოვანი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

"ჩვენ გადაწყვეტილებები დაფუძნებულია უკრაინის საჭიროებებზე და უკრაინას სჭირდება სისტემები, რომლებიც მიმართულია როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი ოპერაციებისთვის. მნიშვნელოვანია უკრაინაში დახმარების გაგზავნა, სანამ საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაიზრდება", - თქვა სალივანმა.

კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინას, აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში გადაეცემა.

სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა იცის ამ იარაღის რისკების შესახებ:

”ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინას ამ კონფლიქტის არცერთ ეტაპზე. რუსეთი ომის დაწყებიდან კასეტურ ბომბებს იყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის, უკრაინას ახლა იგივე იარაღი სჭირდება თავისი ტერიტორიის დასაცავად. ჩვენ გვესმის, რომ კასეტური ბომბები საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას ამიტომ გადავავადეთ ეს გადაწყვეტილება, რამდენადაც შეგვეძლო, მაგრამ რისკი კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ რუსული ჯარები წინ წავლენ“, - დასძინა მან.

უკრაინამ აშშ-ს რამდენიმე თვის წინ სთხოვა კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა. ვაშინგტონი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა ამ საკითხს.

კასეტური საბრძოლო მასალა 100-ზე მეტი ქვეყნის მიერაა აკრძალული, თუმცა მასში არ შედიან აშშ, რუსეთი და უკრაინა.

ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსი ოკუპანტები აქტიურად იყენებდნენ ამ ტიპის საბრძოლო მასალას უკრაინის წინააღმდეგ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი