გასულ ღამეს რუსეთი უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას და იქ მდებარე მარცვლეულის ობიექტებს "შაჰიდის" დრონებით დაესხა თავს.
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ თითქმის ყველა დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ორმა მათგანმა საჰაერო თავდაცვისთვის თავის არიდება მოახერხა და ადმინისტრაციულ შენობებს დაარტყა.
ოფიციალური პირების თქმით, წარმატებული ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ორ ტერმინალში, მათ შორის ერთი მარცვლეულის შემნახავი იყო. უკრაინული მხარის ცნობით, ზარალი მინიმალური იყო.
ცნობისთვის, ოდესაში უკრაინის მნიშვნელოვანი პორტი მდებარეობს და ქალაქი მსოფლიო ბაზრებზე შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანის საწყისი წერტილია. 2022 წლის ივლისიდან მარცვლეულის გადამზიდი გემების გადაადგილება რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის შეთანხმებით რეგულირდება. თუმცა, შეთანხმება მომავალ კვირას იწურება და რუსეთის ოფიციალური პირები მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობენ.