ზელენსკის მწვავე მიმართვა ნატოს და ლიდერების განცხადებები ვილნიუსის სამიტის წინ

გამოქვეყნდა:

ჩვენ გავაგზავნით მკაფიო მესიჯს და კომუნიკეს ტექსტი საჯარო იქნება სულ რამდენიმე საათში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან ტექსტზე. მე მჯერა, რომ გზავნილი იქნება უკრაინის ნატოსთან უფრო დაახლოება - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტის გახსნის წინ:

მისი თქმით, უპირველესი ამოცანა ახლა უკრაინის გამარჯვებაა:

ყველანი ვთანხმდებით, რომ უპირველესი ამოცანა ახლა არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და დარჩეს ევროპულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რადგან, თუ უკრაინამ შეწყვიტა არსებობა როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა ევროპულმა სახელმწიფომ, მაშინ აზრი არ ექნება მისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საუბარს. რაც შეეხება ნატოში წევრობას, ჩვენ გავაგზავნით მკაფიო მესიჯს და კომუნიკეს ტექსტი საჯარო იქნება სულ რამდენიმე საათში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან ტექსტზე. მე მჯერა, რომ გზავნილი იქნება უკრაინის ნატოსთან უფრო დაახლოება.

პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის დაწყება იყო მისი დიდი სტრატეგიული შეცდომა. მან ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელების თავდაცვისუნარიანობა, ასევე ნატოს მოკავშირეების ერთიანობა და ამ ომის შედეგები რუსეთისთვის. მან ომი დაიწყო იმიტომ, რომ ნაკლები ნატო სურდა, ამის ნაცვლად კი მეტი ნატო მიიღო ფინეთის გაწევრიანებით და მას მალე შვედეთიც მიჰყვება. გარდა ამისა, ნატოს სამხედრო ძალების რიცხოვნობა გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპაშიც." ამბობს სტოლტენბერგი

ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააკეთა აქცენტი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ასევე ვილნიუსში იმყოფება: 

"ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. შვედეთისა და ფინეთის მიღება ნატოში ნამდვილად მნიშვნელოვანია და თქვენი ლიდერობა აქ გადამწყვეტი იყო. ასევე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ შემოთავაზებული გეგმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით" - თქვა ჯო ბაიდენმა

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის ალიანსთან დაახლოებაზე და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც ბელარუსიდან მის ქვეყანას ექმნება:

"ჩვენ მოვხსნით წევრობის სამოქმედო გეგმას უკრაინისთვის, შემდეგ ჩვენ შევქმნით ინსტიტუციურ ჩარჩოს უფრო ახლო ურთიერთქმედებისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, ხვალ კი გვექნება უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა. ამ ყველაფრით ჩვენ პოზიტიურ სიგნალს გავუგზავნით ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს, რაც მათ საბრძოლო სულისკვეთებას გაზრდის და ჩვენ ბოლომდე ვიდგებით უკრაინის გვერდით, სანამ ის არ გაიმარჯვებს. 

ლიეტუვას თავადაც სჭირდება მეტი და უფრო სწრაფი დახმარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ჩვენს მოსაზღვრე ბელარუსში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ის ბელარუსი, რომელიც თუნდაც 2020 წელს იყო. მე პრეზიდენტ ბაიდენსაც ვუთხარი, რომ ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფო უბრალოდ აღარ არის, ის რუსეთის კიდევ ერთი გუბერნიაა. მისი ტერიტორია მთლიანად გახსნილია რუსეთის ფედერაციისთვის, რათა იქ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციები დაიგეგმოს, გადაწყვეტილება, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი უნდა განთავსდეს, ამჟამად ხორციელდება და ამას ემატება ინსტრუმენტალიზებული მიგრაცია.  ყველაფერი ეს ერთიანად აჩვენებს, რომ უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში უარესდება.  " ამბობს ნაუსედა. 

ნატოს ლიდერები ადასტურებენ, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება ომის პირობებში ვერ მოხდება თუმცა იქნება გარკვეული კომპრომისი:

რა თქმა უნდა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ვერ მოხდება, სანამ იქ ომი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ იმ მოსაზრებებს, რომლებიც ზოგიერთ მოკავშირეს აქვს და ვფიქრობ, კარგ კომპრომისს მივაღწევთ. კერძოდ, იქნება მკაფიო გზა უკრაინისთვის, რადგან ნატოს წევრობა არის ყველაზე საუკეთესო და უიაფესი უსაფრთხოების გარანტია ნებისმიერი ქვეყნისთვის." თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა.

"ეს იქნება ძალიან ეფექტური და გადამწყვეტი სამიტი. ჩვენ რამდენიმე საინტერესო თემა გვაქვს განსახილველი და იმედი მაქვს, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისთვის, ნატოსთვის და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგისთვის. უკრაინა ახლა არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. საშინელი ომი მიმდინარეობს და ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენთან მილიონობით უკრაინელი ლტოლვილია პოლონეთში. ჩვენთან ყველას ესმის, რომ უფრო მეტი უნდა ჩავდოთ ჩვენს თავდაცვაში. უკრაინასთან დაკავშირებით კი მე მაქვს ერთი მესიჯი: ჩვენ უნდა დავადგინოთ ამ ქვეყნის მკაფიო გზა ნატოსკენ." აღნიშნა სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ. 

ნატოს სამიტს ხვალიდან შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ტვიტერზე" მკაცრი გზავნილი გამოაქვეყნა. ზელენსკი ითხოვს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაასახელოს კონკრეტული დრო, როდის გახდება უკრაინა ნატოს წევრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი