აშშ-ის პრეზიდენტი და დიდი შვიდეულის ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, დღეს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის გეგმას წარადგენენ. ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორმა, ამანდა სლოუტიმ, დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად გამოაცხადებენ ჩვენს გეგმას, დავეხმაროთ უკრაინას შექმნას ჯარი, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის დაცვა და მომავალში თავდასხმების თავიდან არიდება," - ამბობს ამანდა სლოუტი.

სლოუტის თქმით, ეს უკრაინის ძალებში "გრძელვადიანი ინვესტიცია" იქნება. მიზანი კი უკრაინისთვის მდგრადი საბრძოლო ძალების ქონაა, რომელიც ახლა შეძლებს ქვეყნის დაცვას, მომავალში კი რუსეთის აგრესიის არიდებას.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერას რეფორმების დანერგვისა და სტაბილური ეკონომიკის უზრუნველყოფის პროცესშიც. როგორც სლოუტი ამბობს, 
ეს აუცილებელია "უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში" დაწინაურებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც გაავრცელა და განაცხადა, რომ G7 უკრაინას უსაფრთხოების ახალ გარანტიებს შესთავაზებს. 

"G7-ის ქვეყნები დაადგენენ, თუ როგორ დაუჭირონ მხარი  უკრაინას ომის დასასრულებლად და მომავალი ნებისმიერი თავდასხმისგან თავის დაცვაში," - აღნიშნულია განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ მოსკოვში. კრემლის პრესსპიკერი პესკოვის თქმით,ეს რუსეთის უსაფრთხოებას ხელყოფს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი