ექიმებისთვის, რომლებიც Covid-19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ, დამატებითი რეგულაციები დაწესდება - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს რეგულაციებზე, რომ ექიმებმა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, სხვა პაციენტებს საფრთხე არ შეუქმნან და ვირუსის გამავრცელებლები არ გახდნენ.

ჩვენ გვქონდა არაერთი თხოვნა პირველ დღეებში, შემდეგ არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე ეს. გეთანხმებით, რომ ჯერ კვლავაც არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, უკვე იქმნება ძალიან დიდი რისკი. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადებში მივიღებთ ამ რეგულაციებს, რათა იმ ექიმებს, რომლებიც კოვიდიდან თავისუფალ პაციენტებს მკურნალობენ, არ შეექმნათ რისკი და პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს ექიმი, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალს, რომელიც 4 კლინიკაში მუშაობდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ ერთის კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი